ძვირფასო სტუდენტებო, ვისაც აღმოსავლეთმცოდნეობა გიზიდავთ და კონკრეტულად, ირანისტიკა გაინტერესებთ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ ინფორმაციას:
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაფინანსებასა და შემდეგ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს:
გამოთქვამს მზადყოფნას, სწავლის საფასური დაუფაროს 5 სტუდენტს, რომელიც 2024-2025 სასწავლო წელს ძირითად სპეციალობად ირანისტიკას აირჩევს;
მზადაა, აღმოსავლეთით დაინტერესებულ პირველკურსელებს უმასპინძლოს ირანის საელჩოს კულტურის განყოფილებაში ირანის უძველესი ხელოვნებისა და კულტურის გასაცნობად (ხალხური რეწვის ნიმუშები, სპარსული ლიტერატურის კლასიკოსთა პოეზიის უნიკალური გამოცემები და სხვ.). მასპინძლები უპასუხებენ სტუდენტთა კითხვებს ირანში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების თაობაზე;
გარდა ამისა, გამოთქვამს მზადყოფნას, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან შეთანხმებული გრაფიკით ორგანიზება გაუწიოს ექსკურსიებს თბილისში და მის ფარგლებს გარეთ იმ ძეგლების დასათვალიერებლად, რომელიც ირანული კულტურის კვალს ატარებს.
ამ ღონისძიებების გამართვის ზუსტი თარიღი და მსურველთა რეგისტრაციის წესი დამატებით გეცნობებათ.
ირანის საელჩოს კულტურის განყოფილება მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ირანისტიკის პროგრამის ყველა საფეხურის სტუდენტების, აგრეთვე, მათი პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერისა და წახალისებისთვის.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თეა შურღაია tea.shurghaia@tsu.ge